ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიოტთა ალიანსი მზადაა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ როგორც პატრიოტთა ალიანსს ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას პუტინი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის თქმით, ის შიშობს რომ შესაძლოა პატრიოტთა ალიანსის ქმედებები დანაშაულებრივ შეცდომაში გადაიზარდოს:
"ასლან ბჟანიას განცხადების საფუძველზე ნუ გავაკეთებთ ნურაფერ დასკვნას, ვინაიდან ჩვენ ვიცით მთავარი ფორმულა, რუსეთი გამოიყენებს პატრიოტთა ალიანსსაც, ასლან ბჟანიასაც იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში შექმნას დესტაბილიზაცია და დაპირისპირება, რაც გადაიზრდება უფრო სერიოზულ პროცესებში. პატრიოტთა ალიანსს თუკი მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის ამ ნიშით, რაიმე დივიდენდს მიიღებს საქართველო ეს არის შეცდომა, და ძალიან მეშინია, რომ დანაშაულებრივ შეცდომაში არ გადაიზარდოს, ვინაიდან რუსეთს აქვს თავისი ინტერესი, ოკუპაციას აქვს თავისი მიზნები და არავითარ შემთხვევაში ემოციაზე აგებული განცხადებები ამას არ შეცვლის," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.