კონტრაქტი ეშმაკთან - ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა "დღის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" და კახა ოქრიაშვილის პარტიის მემორანდუმს.
გიორგი გუგავას განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დამოკიდებულება და თანამშრომლობა არ შეიცვლება, რადგან მთავარი საბრძოლველი მიზანი იგივეა - დამარცხდეს ოლიგარქი ივანიშვილი.
"ამ მემორანდუმს მე შევარქვი გარიგება და კონტრაქტი ეშმაკთან. ბოლო 30 წელია, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და თანდათან ჩამოყალიბდა ოლიგარქია. მეტასტაზივით მოედო მთელ სახელმწიფოს და განვითარების პიკს მიაღწია ივანიშვილის მმართველობის დროს, ეს ყველაფერი ჩვენი მომავლისთვის დამღუპველია.
ადამიანები ამ წლების მანძილზე ცდილობდნენ თავიანთი ბიზნესი გაეძლიერებინათ და ეხრათ ბიუჯეტი - ჩოჩელი, ენუქიძეები, ბოლქვაძეები, ხაბულიანები, ჩხარტიშვილი და ა.შ. ეს კასტა კი ნავიდან ნავში ხტება. როდესაც ხედავენ, რომ ერთი სახელისუფლებო ძალა იძირება, გადადიან მეორე ნავში.
კახა ოქრიაშვილი ადამიანების სიცოცხლით და ჯანმრთელობის ვაჭრობით არის დაკავებული ბოლო წლებია. რამდენი ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ ვერ იყიდა წამალი და ოქრიაშვილი დგას ამის სათავეში.
მე დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებულები იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" იდეური მხარდამჭერები. შეიძლება ჩვენი აზრები არ ემთხვეოდეს, მაგრამ ისინი ამდენი წელია ებრძვიან უსამართლობას და დგანან ქუჩაში.
მიუხედავად ამ მემორანდუმისა, ჩვენი დამოკიდებულება სამუშაო არ იცვლება მათ მიმართ, რადგან მთავარი საბრძოლველი მიზანი იგივეა - დამარცხდეს ოლიგარქი ივანიშვილი.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ბედნიერი მომავალი შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ ფულის მეშოკები და ოლიგარქები, როგორებიც არიან ოქრიაშვილი, ენუქიძე, ჩხარტიშვილი და ა.შ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ადამიანები გავაძევოთ და უკან მოვატანინოთ ქონება, რომელიც ჩვენი ხალხისგან წაიღეს,"- განაცხადა გიორგი გუგავამ.