"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას ე.წ. ვიზა არ აუღია და არც შესაბამისი შტამპი აქვს პასპორტში.
კითხვაზე, თუ როგორ გადაკვეთა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი, ირმა ინაშვილმა პასუხის გაცემა არ ისურვა და დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
"მე ჩავედი აფხაზეთში, არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, რადგან ეს დეტალები არის იმდენად ფაქიზი, უბრალოდ ფაქიზია ეს თემა. ვიზა არ მაქვს, არ გვაქვს არც ვიზა, არც შტამპი. ჩვენ მთავარ თემას არ ვაქცევთ ყურადღებას - ჩვენ იქ ჩავედით და ეს არ მომხდარა 30 წლის მანძილზე.
თქვენ მისვამთ კითხვებს დეტალებზე, ვიზაზე, შტამპზე, როგორ შევედით. შევედით ღირსეულად და ის, რომ ჩვენ შევაბრძანეთ იქ ხატი და ხომ ჩანს, რომ ამ მოცულობის ხატს ისე ვერ შეიტან, რადგან არის პუნქტები, სადაც დგანან აფხაზები და რუსები, რომ ეს ყველაფერი არ გქონდეს წინასწარ გააზრებული, სწორად გათვლილი ყველაფერი,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
"ღამის კურიერის" კითხვას, თუ როგორ გადაკვეთა ირმა ინაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი, რომელსაც 2009 წლიდან რუსეთის ФСБ აკონტროლებს, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ამაშია "პატრიოტთა ალიანსის" დიპლომატიური უნარი.
"ამაშია ჩვენი დიპლომატია, ჩვენი უნარი სწორი მოქმედებების, რომ ეს ყველაფერი გავიარეთ სწორად და უსაფრთხოდ. ჩვენ გავიარეთ ისე, რომ ვიზა არ აგვიღია,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.