ეთანხმებით თუ არა ხედვას, რომლის მიხედვითაც უარი უნდა ვთქვათ ტერმინზე "რუსეთი ოკუპანტია" - "ღამის კურიერის" ეთერში წამყვანის ამ კითხვაზე ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ტერმინოლოგიას და მიდგომას მოლაპარაკების მაგიდასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
"მე ვეთანხმები, რომ ტერმინოლოგია, როდესაც ასეთ მოლაპარაკებაში ვართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მოლაპარაკების მაგიდასთან მიხვალ და ეტყვი, რომ შენ ახლა ოკუპანტი ხარ და დავილაპარაკოთ აფხაზეთზე და ცხინვალზე, მე გარწმუნებთ, რომ არავინ დაგელაპარაკებათ.
რეალობა არის ერთი, მაგრამ როდესაც შერიგების პროცესში ხარ უნდა დაუკვირდე შენს სიტყვას. მოლაპარაკების პროცესში, როდესაც ვიყენებთ სიტყვას ოკუპანტი, აფხაზები ამაზე ღიზიანდებიან. საუბრის დროს ისინი ძალიან ბრაზდებიან და მთავრდება საუბარი. ფრთხილი ნაბიჯებია საჭირო, როდესაც მათ ველაპარაკებით. ვისაუბროთ შერიგების პროცესებზე.
სამი თაობა გაიზარდა მტრობაში და სიძულვილში. მე უარს როგორ ვიტყვი, რაც ევროკავშირის და გაეროს შეფასებაა. ჩვენ ვსაუბრობთ, როდესაც მიდის პროცესი და ვსაუბრობთ ერთმანეთთან, ჩხუბით და ტერმინების ჯახა-ჯუხით არ უნდა დავიწყოთ საუბარი, მშვიდად უნდა მივიდეთ საკითხის სამართლიან გადაწყვეტილებამდე,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.