არჩევნებამდე 56 დღე რჩება, რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების საბოლოო კონფიგურაცია კი, ჯერ ისევ უცნობია.
ოპოზიციური პარტიების ნაწილს, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას", რეგიონებში საკუთარი სახეები სრულად ამ დრომდე არ დაუსახელებია.
ამასობაში კი ვრცელდება სავარაუდო ვერსიები, რომ მაღალი კონკურენციის ოლქებში ნაცნობ ლიდერებს ვიხილავთ.
როდის გაასაჯაროებს ოპოზიცია ბრძოლის სტრატეგიას რეგიონებში გამარჯვებისთვის - ამაზე პარტიების ლიდერები საუბრობენ.
"დარჩენილია რამდენიმე მაჟორიტარი, ვინც ჯერ დასახელებული არ არის. ერთიანობაში შედგება საერთო დასახელება, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. თუმცა, მაჟორიტარები უკვე ადგილზე არიან და მუშაობენ. მე თელავის, ახმეტისა და ყვარელის მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ. საარჩევნო კამპანია არასოდეს შემიწყვეტია იმ პერიოდიდან, რაც "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში იმყოფება,"- განაცხადა თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბოტკოველმა.
"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კი განმარტავს, რომ მისთვის და მისი პარტიის წევრებისთვის არ აქვს მნიშვნელობა საარჩევნო სიის რომელი ნომრები იქნებიან. მისი თქმით, მათი მთავარი ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა.
"ვინ რომელი ნომერი იქნება, ეს საკითხი პარტიაში არ განიხილება. მე პირადად 20 წელია ოფისში ვზივარ, პარლამენტში არ შემიშვეს, ამიტომ რაიმე ავადმყოფური დამოკიდებულება, პირველ თუ მეასე ნომრობაზე არ მაქვს. ჩემი მთავარი მიზანია, ქვეყანა ამ გველეშაპებისგან გამოვიხსნათ. მაჟორიტარების კანდიდატების გაცნობა კი რამდენიმე დღეში იქნება,"- აღნიშნავს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, "ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარები თითქმის ყველა ოლქში უკვე წარადგინა, თუმცა მაინც დარჩა გარკვეული ოლქები და სწორედ ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, მათი ლიდერების თქმით, მალე იქნება.
პარტია "ლელოს" ლიდერები კი აცხადებენ, რომ პარტია უკვე ყველა სოფელსა თუ ქალაქში მუშაობს და მათ გამარჯვებისთვის ბრძოლაც დაწყებული აქვთ.