რამდენად მასშტაბური იქნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლობა საქართველოში 2020-წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პანდემიის გამო, ორგანიზაციების ნაწილმა უკვე თქვა, რომ შესაძლოა, ადგილზე პროცესს ვერ დააკვირდეს, მაგალითად NDI-მ გაავრცელა განცხადება, რომ COVID-19-მა მათი გეგმები რადიკალურად შეცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორებს, რომლებიც ბოლო წლებია არჩევნებს აქტიურად აკვირდებიან, მოწვევები კიდევ ერთხელ გაუგზავნა.
"მოსაწვევებთან ერთად ამჯერად გაიგზავნა ის პროტოკოლი, რომელიც შემუშავებული იქნა პანდემიის გათვალისწინებით და რომელიც გულისხმობს და აღწერს საერთაშორისო დამკვირვებლების როგორც ქვეყანაში შემოსვლის, ასევე ადგილზე საქმიანობის პროცედურებს. პროტოკოლთან ერთად გაგზავნილია ინფორმაცია უსაფრთხოების იმ ნორმებთან დაკავშირებით, რაც პანდემიის გამო ქვეყანაში არსებობს, ეს უკავშირდება როგორც საჯარო სივრცეებში მუშაობას, ასევე ქვეყანაში მგზავრობას და შემოსვლას," - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი, სპიკერი მარი ნარჩემაშვილი.