მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად წამოაყენა, მესამე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და ამომრჩეველს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
ყოფილი პრეზიდენტის მორიგ მიმართვას ოპოზიციაში აფასებენ. "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ზურაბიშვილი სააკაშვილის სიტყვებს, საქართველოში მხოლოდ 2 წლით პრემიერობაზე, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს ადარებს, როდესაც ის ამბობდა, რომ მხოლოდ 2 წლით იქნებოდა ხელისუფლებაში.
"სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითონ იყოს ერთადერთი ალტერნატივა, ამ შემთხვევაში ის თავის ამომრჩეველს ამაგრებს. მან თავისი დაპირება საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე ბევრჯერ შეცვალა. ამბობდა, რომ არ უნდოდა საქართველოში თანამდებობა, შემდეგ თქვა, რომ მხოლოდ ლაზიკის პროექტი უნდოდა და მეტი არაფერი, ახლა კი, უცბათ პრემიერობა მოუნდა თანაც 2 წლით. გინდა-არ გინდა, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გახსენდება ამ დროს, 2 წლით ვიქნები ხელისუფლებაში და მერე წავალო. ეს მისთვის მხოლოდ რიტორიკაა," - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ზურაბიშვილი.
პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ღიად აცხადებს, რომ მისი პარტია მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას მხარს არცერთ შემთხვევაში არ დაუჭერს.
"ის, რომ ყოველ ჯერზე ამბობს ახლა ჩამოვალო და მაინც უკრაინაში რჩება - არასერიოზულია. თუ უნდა ჩამოსვლა ჩამოვიდეს, თუმცა მან იცის, რომ აქ დააკავებენ. არ არსებობს პირობა, რის გამოც, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას დავუჭერთ მხარს. ეს გამორიცხულია. თუმცა რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება დაასახელოს ამ კანდიდატურაზე თავისი თავი," - აღნიშნავს პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.
"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით კი, ადგილმდებარეობა არ ცვლის ადამიანს და სააკაშვილი რაც აქამდე იყო, ჩამოსვლის შემდეგაც იგივე იქნება.
"ქართული სინამდვილისთვის, პოლიტიკოსთა ჩასვლა-არ ჩამოსვლის თემა გახდა ისეთივე თავის სატკივარი, როგორც შექსპირის ყოფნა-არ ყოფნა. ადგილმდებარეობა კი არ ცვლის ადამიანს, არამედ ადამიანს შეუძლია ადგილმდებარეობა შეცვალოს. რაც იყო ადამიანი, ისევ ის იქნება, როდესაც დაბრუნდება,"- აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.