თამარ ჩერგოლეიშვილის ბრალდებებს, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნა გამოკითხულთა ნახევრისთვის მიუღებელი იყო, თუმცა ეს ინფორმაცია მაშინ დაიმალა, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში.
ჩერგოლეიშვილი ამტკიცებს, რომ 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური კვლევები გაყალბებული იყო, თუმცა, მისი თქმით, პარტიამ გაყალბებული მონაცემების გაშუქება მედიის დახმარებით გადაწყვიტა.
პარლამენტის ფრაქცია "ჩვენი საქართველოს" წევრი, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სივრციდან გაქრობა, ჯანსაღი ოპოზიციისთვის სასარგებლო იქნება
"რაც უფრო მალე დაჭამს "ნაციონალური მოძრაობის" ორივე განაყოფი და რაც უფრო მალე გაქრებიან პოლიტიკური დღის წესრიგიდან, მით უფრო იქნება ეს საფუძველი ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისა და ახალ პოლიტიკური სივრცის გახსნისა ჯანსაღი ოპოზიციური ძალებისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი თუ ეს ბრძოლა ერთმანეთში გაღრმავდა,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ჩვენი საქართველოს" თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თანაგუნდელებს შორის უთანხმოება საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა.
"მნიშვნელოვანია, რომ დღეს ის საუბარი, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესაძლებლობას, არის ზუსტად ორპოლუსიანი პოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომლის გარღვევასაც ვცდილობთ ახალი პოლიტიკური ძალები,“ - ამბობს მარიამ ჯაში.
ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არის "ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიული საქმე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ ვრჩებით კოორდინაციაში კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან, გარდა იმ პარტიებისა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სატელიტები არიან, იმისათვის რომ არჩევნების გაყალბება არ მოხდეს და იმისათვის, რომ მშვიდობიან ვითარებაში მივაღწიოთ ქვეყანაში ცვლილებებს. კომენტარის კომენტარს ვერ გავაკეთებ. არც ეგ კვლევა არ მინახია, არც ის ვიცი რაზეა საუბარი,“ - ამბობს ანზორ ბიწაძე.