სოციოლოგიური კვლევების გაყალბების თაობაზე თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე, შეფასება გაკეთდა მმართველ პარტიაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდი ჯერ კიდევ დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ორგანიზაციების მიერ გაყალბებული კვლევები ქვეყნდება.
"იმდენად არიან აჭრილები ნაცმოძრაობის და მისი კლასტერის წარმომადგენლები, რომ აღიარებების სერია მოვისმინეთ მათგან. ეს ლუსტრაცია დარწმუნებული ვარ გაგრძელდება. თამარ ჩერგოლეიშვილმა გუშინ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობა" აყალბებდა კვლევებს, კონკრეტულ მონაცემებს მალავდა, რომელიც შეეხებოდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს თავის მხარდამჭერებში, ანუ ნაცმოძრაობის მხარდამჭერებშიც კი არ უჭერდნენ მხარს, რომ ის ყოფილიყო პრემიერობის კანდიდატი.
ჩვენ ამას ვლაპარაკობდით წლების განმავლობაში, ვამბობდით, რომ გაყალბებული კვლევები ქვეყნდება ნაცმოძრაობასთან და მაშინდელ "რუსთავი 2"-თან აფილირებული კონკრეტული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ატარებენ საველე სამუშაოებს და შემდეგ სამწუხაროდ, ამას აქვეყნებდნენ ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც შეცდომაში შეყავდათ, როგორც ჩანს და ატყუებდნენ მათ, ისევე როგორც ქართულ საზოგადოებას. ასევე ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარება რამდენიმე დღის წინ, ამ კაცმა აღიარა მძიმე დანაშაულები, უბრალოდ ამ დანაშაულებს დაარქვა მძიმე შეცდომები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ტაბულას რედაქტორის მტკიცებით, 2016 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნა გამოკითხულთა ნახევრისთვის მიუღებელი იყო, თუმცა ეს ინფორმაცია მაშინ დაიმალა.