"რუსთავი 2-ის" დაკვეთით კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის ის ნაწილი, სადაც პოლიტიკური პარტიების სავარაუდო მხარდამჭერთა პროცენტული რაოდენობაა დათვლილი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეაფასეს.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა, რომ კვლევებში არ არის გათვალისწინებული იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, ვინც პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. შესაბამისად, მისი შეფასებით, რეალური მონაცემი, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული იყოს.
"წინა კვლევიდან რაც მახსოვს, არის ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობა იყო, დიდი პროცენტი იყო ადამიანების, რომლებსაც პასუხი არ ჰქონდათ გაცემული. შესაბამისად, გვაქვს შედეგები იმ ხალხის, ვინც გასცა პასუხი. ანუ, ადამიანები მალავენ, არ უნდათ პასუხის გაცემა, ამას შეიძლება ბევრი ფაქტორი განაპირობებდეს. მათი პასუხები გასათვალისწინებელია და რადგან არ ითვალისწინებს კვლევა, ამიტომ შეუძლებელია ამაზე თქვა, რომ ეს არის ზუსტი რიცხვები. "გირჩის" მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული წარმოდგენა, რომ "გირჩს" ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, ვიცით, დაახლოებით რა პროცენტებში ვმოძრაობთ. არიან ადამიანები, ვისაც პასუხი არ გაუციათ და დარწმუნებული ვარ, მათ შორის არიან გირჩის მომხრეებიც,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს კვლევების ავთენტურობაში ეჭვი ეპარება.
"მე ზუსტად ვიცი, რომელ კაბინეტში დაიწერა ეს კვლევები. ორი კვირის წინ ვიცოდი, ამ კვლევებში რა ციფრები დაიწერებოდა. ვიცოდი, ივანიშვილის ოფისიდან ვიცოდი, რომ ეს არის ივანიშვილის განზრახულობები. ის, რა უნდა ივანიშვილს რომ დაიდოს, მაგრამ იცით რა არის - თუ ეს ციფრები დაიდება, მით უარესი ივანიშვილისთვის. ცოტა ისე მაინც შეეცადოს მანიპულირებას, რომ ნაკლებად არგუმენტირებული ჩანდეს პროტესტი, რომელიც იქნება. ამას თუ დადებს ივანიშვილი, მიიღებს უმძიმეს შედეგს,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მჭედლიძე აცხადებს, რომ კვლევებს ენდობა და იმედს გამოთქვამს, რომ აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ეს მონაცემი შეიცვლება.
"იმის მიხედვით, რომ თავისუფალი დემოკრატები სამი წელია არსად ჩანს დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა კვლევებში მონაწილეობის მიღება. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, ვენდობით და მეტის იმედი გვაქვს, რადგან ჯერ ჩვენ არ დაგვიწყია სამუშაო პროცესი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პროცენტული მონაცემი გაიზრდება,"- განაცხადა ვახტანგ მჭედლიძემ.
შეგახსენებთ, ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და 1205 გამოკითხულს მოიცავს.