17 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ოპოზიცია "ოცნების" ოცეულს აკრიტიკებს და მმართველ გუნდს დისკრედიტირებულს უწოდებს

საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან მეათე დღეს "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას საკუთარი სიის პირველი ოცეული წარუდგინა. პოლიტიკური მოლაპარაკებებით მმართველმა პარტიამ გუნდის წევრობაზე დაითანხმა სპორტსმენები, დიპლომატები, ეკონომისტები და სხვა ახალი სახეები სხვადასხვა სფეროდან. გუნდი, რომელზეც მოქმედი სახელისუფლებო ძალა მომავალში იმედს ამყარებს, არ მოსწონთ ოპონენტებს. მთავარი შენიშვნა კი, დასახელებული პირების პოლიტიკური გამოცდილებაა. რაც შეეხება ძველ სახეებს, ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ უკვე დაკარგეს ამომრჩევლების ნდობა:

"გახარიას სათავეში ჩაყენება, რომელიც არის პასუხისმგებელი "გავრილოვის ღამეზე", კიდევ ერთხელ გაახსენებს ჩვენს ხალხს, რატომ არ უნდა მისცეს ხმა "ქართულ ოცნებას", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ გუნდი, რომელიც გუშინ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა, ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოიყვანს.

"განსხვავება ამ გუნდსა და "ევროპული საქართველოს" გუნდს შორის არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სწორი ხედვა, წინ როგორ წავიდეთ, ჩვენ ვართ ფოკუსირებული არა ერთი ადამიანის მორჩილებაზე და რაღაც ერთგულებაზე, არამედ სწორ ხედვაზე," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რეპუტაციის რისკის ქვეშ დაყენებად მოიხსენიებს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე "ქართული ოცნების" სიაში შესვლას:

"გულით ვუთანაგრძნობ იმ ადამიანებს, რომლებიც  ქართული ოცნების 8 წლის თავზე შეუერთდნენ ამ სრულიად დისკრედიტირებულ პოლიტიკურ გუნდს," - აღნიშნა საბა ბუაძემ.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ისინი ოპონენტებისგან კრიტიკას ელოდნენ, ამასთან დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ:

"ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება დაასახელოს  მეორე პარტია, რომელსაც აქვს ამდენი რესურსი აქვს, რომ ზედიზედ მეორედ ასეთი განახლება გააკეთოს. გარდა ამისა ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს თავისი შრომით და პროფესიონალიზმით, რომ მათ შეუძლიათ წარმატების მიღწევა და შედეგის მოტანა," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ.

"ქართული ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული გუშინ წარადგინა, რომელიც ასე გამოიყურება: გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, გიორგი კახიანი, მარიამ ქვრივიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ამილახვარი, ვიქტორ სანიკიძე, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, დავით კაჭარავა, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი, მარიამ ლაშხი და ბექა დავითულიანი.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები