17 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივნისში პოლიცია კანონიერად მოქმედებდა - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძემ შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ანგარიშის იმ პუნქტებზე, სადაც უსაფრთხო ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, საკუთრების უფლების დაცვის კუთხით მიღწეულ პოროგრესსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე იყო საუბარი.

"ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის შეფასებული ჩვენთან არსებული ბიზნესგარემო. ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასება და კორუფციის აღქმის ინდექსი. დადებით კონტექსტშია ნახსენები მთავრობის მიერ გატარებული ისეთი რეფორმები, როგორიცაა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც მოგების რეინვესტირებას უკავშირდება, საპენსიო რეფორმა, გადახდის უუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში მომზადებული ცვლილებები, და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები.

დადებით კონტექსტშია ნახსენები ბიზნესის კეთების ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამები, მაგალითად "აწარმოე საქართველოში" და დადებითადაა შეფასებული მთავრობის ნაბიჯები და გადაწყვეტილებები ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად. ნათქვამია, რომ ქალებს დღეს ბევრად უფრო მეტი ხელმისაწვდომობა აქვთ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით.  

ყურადღება გამახვილებულია საქართველოში საკუთრების უფლების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე და, ასევე, ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება საკუთრების უფლებაში უკანონო ჩარევა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი რამ ხდებოდა წინა მთავრობის დროს, როდესაც კერძო საკუთრების არაგამჭვირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი.

ხაზგასმულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიაზე და ნათქვამია, რომ ოკუპაცია დღემდე გრძელდება თავისი ნეგატიური შედეგებით და მძიმე დარღვევებით, რომელიც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სტაბილურობის კუთხით აღნიშნულია, რომ საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში ხშირი არ არის, ხოლო 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაფიქსირებულია 10-ზე მეტი საინვესტიციო დავა, თუმცა სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ.

"2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2019 წლის ანგარიშიც, სადაც საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში ბიუჯეტის დაგეგმვის და შესრულების გამჭვირვალობის კუთხით. ხაზგასმულია, ასევე, აშშ-ს მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების როლი.

"ქართული ოცნების" გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს, ვიდრე ამ ანგარიშშია მოცემული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მიგვაჩნია, რომ მკაფიო პასუხები გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება თითქოს ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები