17 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
შეგიძლიათ სიას დაარქვათ ბიძინა, ბიძინა, ბიძინა - ნინო ბურჯანაძე "ქართული ოცნების" სიაზე

"ქართული ოცნების" პარტიული სია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. ოპოზიციის შეფასებით, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება სიაში, რადგან გადაწყვეტილებას ყველაფერზე მაინც ბიძინა ივანიშვილი იღებს:

"ესენი არ არიან ახალი სახეები, ესენი არიან ახალი მონები, რომლებიც დაიქირავეს დიპლომის მიხედვით, კობახიძის გემოვნებით, ვინაიდან მანაც გერმანიაში დაამთავრა რაღაც უნივერსიტეტი, აიღეს და შეკრიბეს გერმანიაში კურსდამთავრებული ახალგაზრდები, რომლებმაც არ იციან ხურმა რა ხილია, გახარიაზე დაყრდნობა ნიშნავს წინასწარ შეგუებას ხელისუფლების დაკარგვაზე," - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი შალვა ნათელაშვილი.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ სიაში წარმოდგენილი ადამიანების ნაცვლად გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს:

"ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ვინც არ უნდა იყოს მე-15, მე-18, მე-13 გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი კაცი, რომელსაც ამ დანარჩენ ადამიანებთან მოიტანს ეს 5 კაცი. შეგიძლიათ სიას დაარქვათ ბიძინა, ბიძინა, ბიძინა, ასე პირველიდან 120-მდე,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, "ქართული ოცნება" არა პარტია, არამედ ერთი ადამიანის სპექტაკლია:

"სიაში ახალი სახე რამდენიმე სპორტსმენი და ახალგაზრდა ქალი ვნახე, რასაც მივესალმები, მაგრამ ეს ხომ არაა პარტია, ეს არის ერთი ადამიანის სპექტაკლი, მერამდენე წრეზე უნდა წავიდნენ ადამიანები, რომ ემსახურონ ამ რუსულ ძალას და მერე ქრებიან ამ პოლიტიკური ველიდან ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მოტყუებით ხვდებიან ბიძინა ივანიშვილის მარწუხებში," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის კრიტიკას ღიმილის მომგვრელს უწოდებს და აცხადებს, რომ თავად ოპოზიციის სახეები არიან დისკრედიტირებულები.

დღის ამბები