გარემო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ, 2019 წლის 20 ივნისი, საკონსტიტუციო ცვლილებები და რუსული ოკუპაცია - ამ საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში საუბრობს. საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში წერია, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიზნესის კეთების სიმარტივით მეშვიდე ადგილს იკავებს, დადებითად არის დახასიათებული ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო და ნათქვამია, რომ საქართველოს ამ მიმართულებით მოწინავე პოზიციები აქვს.
ეს გარემოება დღეს მმართველი გუნდისთვის გახდა საფუძველი ეთქვათ, რომ ქვეყანა პროგრესულად ვითარდება. სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის პასუხი იმ სპეკულაციებზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან საინვესტიციო გარემოს შეფასებისას ისმის.
ბიზნესგარემოს პოზიტიური შეფასების მიუხედავად, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სასამართლოში ბიზნესდავების საქმეების გაჭიანურებაზე.
ის, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია, იცის მმართველმა გუნდმაც. თუმცა, "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და აშშ-ს მოლოდინებიც გამართლდება.
ანგარიშში, გვხვდება რუსული ოკუპაციაც. დოკუმენტში წერია, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს და აშშ მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.