საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველანაირი რესურსი არსებობს დაინტერესებული მხარეები ერთად შეჯერდნენ ისეთ კანონპროექტზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.
"სამი ძირითადი რეკომენდაცია იყო წარმოდგენილი ვენეციის კომისიის მხრიდან, ერთი ეხებოდა დასაბუთებას, მეორე გასაჩივრებას და მესამე ღია კენჭისყრას. ამ სამიდან ორი უკვე ასახულია კანონპროექტში და ამ ორ საკითხზეც, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა.
რაც შეეხება ღია კენჭისყრის რეკომენდაციას, ამაზეც ვთქვით, რომ საკითხი ღიაა და გაგრძელდება მსჯელობა. ხვალ გვექნება იმის საშუალება, რომ დაახლოებით ორი-სამი საათი დავუთმოთ ამ საკითხებს.
ყველანაირი რესურსი არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე სხვა დაინტერსებულ მხარეებთან ერთად შევჯერდეთ ისეთ კანონპროექტზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე აცხადებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, ზოგადი კრიტიკა მისაღებია, თუკი მეტი კონკრეტიკა იქნება.
"დაინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს შეეხება. ამ საკითხებს შეეხებოდა დღევანდელი შეხვედრა. ზოგადი კრიტიკა ყოველთვის თან სდევს ხოლმე პროცესს, მე ვისურვებდი მეტი კონკრეტიკა მოგვესმინა,"- აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.