17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ოკუპაცია, არჩევნები, პოლიტიკური პროცესები საქართველოში - ევროპარლამენტში დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა საქართველო და ოკუპაცია იყო. დებატები გაიმართა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ მომზადებული ანგარიშის განხილვის დროს.

ევროპელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. გარდა ამისა, დებატების დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია, მათ შორის, 31 ოქტომბრის არჩევნებიც.  ევროპარლამენტარები იმედს გამოთქვამენ, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ ვითარებაში შედგება. მათი თქმით, არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა  სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოში მიღებული საარჩევნო რეფორმის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოლიტიკურ და მედიალანდშაფტში პოლარიზაციის დაძლევას. 

"მივესალმები ცოტა ხნის წინ მიღებულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების დაცვით არის მიღებული და იმედი მაქვს, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოლიტიკურ და მედიალანდშაფტში პოლარიზაციის დაძლევას. მე ასევე გამოვყოფდი ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისკენ მიმართულ ნაბიჯებს. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და განსაკუთრებით ოპოზიციას, გააკეთონ ყველაფერი რაც შეუძლიათ, რათა გარანტირებული იყოს მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 31 ოქტომბერს. ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოს მომავლისთვის,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა

ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა ამბობს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველო ევროატლანტიკურ მიმართულებას ინარჩუნებს. 

„მიუხედავად დაბრკოლებებისა და სირთულეებისა, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ გეზს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. საპარლამენტო არჩევნების წინ მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. ასევე მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ გიორგი რურუა და ამით შეასრულოთ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ოპოზიციის ყველა ლიდერთან შეთანხმებით იყო მიღებული,” - განაცხადა ანა ფოტიგამ.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, ურმას პაეტი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეებისგან თავი უნდა შეიკავოს. 

"საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეებისგან და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროებისგან. ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია გარანტირებული იყოს მედიათავისუფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა და გადაიდგას ნაბიჯების დეზინფორმაციული კამპანიების პრევენციისთვის,“ - ამბობს ურმას პაეტი. 

დღის ამბები