საქართველოში მოახლოებული არჩევნების ფონზე მოწოდებები ისმის ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების გზავნილში იკითხება სურვილი, რომ საქართველომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიან გარემოში ჩაატაროს. ამ მოსაზრებებს ხელისუფლება უკავშირებს ევროპელი პოლიტიკოსების სუბიექტურ განწყობებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში და შესაბამისად ფიქრობენ, რომ ეს არ ასახავს საერთაშორისო საზოგადოების საერთო განწყობას.
ოპოზიცია კი მთავარ აქცენტს დაფიქსირებულ დარღვევებზე აკეთებს, რომელზეც ევროპარლამენტს მყისიერი რეაგირება ჰქონდა და საქართველოს გაფრთხილება გამოუგზავნა.
"უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება და გაიაზროს, რომ თუ მას სურს არჩევნების ლეგიტიმაცია არ დადგეს ეჭვქვეშ, არჩევნები უნდა ჩაატაროს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. არ არსებობს განცხადება, კრიტიკა, შენიშვნა, სადაც არ იყოს პირდაპირი კრიტიკა და პირდაპირი ასე ვთქვათ წითელი ბარათი, რომ მართლმსაჯულების თემაზე რეფორმის პროცესში უკან დახევა, არასწორმა გადაწყვეტილებებმა და კლანის გაძლიერებამ სასამართლოში გამოიწვია სრულიად ნეგატიური განწყობა ყველას მხრიდან," – აცხადებს პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია.
"პრინციპში სტატუსი, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, მსგავსი სისტემა და კონსტრუქცია არსებობს პოლონეთში, სადაც კაჩინსკიც არის პარტიის თავმჯდომარე და საკმაოდ გავლენიანი და ის პრაქტიკულად თავის პარტიაში გადამწყვეტ სიტყვას ფლობს. მე პირდაპირ ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის საფრთხე დემოკრატიის, თუმცა როდესაც გავლენიან ადამიანს აქვს უშუალო პასუხისმგებლობა და ის წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს უფრო გასაგებია დასავლური დემოკრატიისთვის," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობის მიუღებლობა პროტესტის გამოხატვა იყო, ვინაიდან ხელისუფლებამ საკუთარი ვალდებულებები სრულყოფილად არ შეასრულა.
"დარწმუნებული ვარ ევროპარლამენტარებმა ისიც იციან, რომ პირველი მოსმენის დროს, როდესაც იყო მართლა საფრთხე იმისა, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდნილიყო "ევროპულმა საქართველომ" დაუჭირა მხარი, ანუ გამორიცხა კანონპროექტის ჩავარდნის საფრთხე, თავი დავიზღვიეთ მათი ხმების წყალობით სრულიად ოპოზიციამ, ხოლო მეორე და მესამე მოსმენაზე ჩავარდნის შემთხვევაშიც კი, ამის ადვილად გამოსწორება იყო შესაძლებელი. ხოლო რაც შეეხება კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღებას, ეს იყო ოპოზიციის მხრიდან პროტესტის გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების მხრიდან არ იყო სრულყოფილად შესრულებული ვალდებულება," - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, კენჭისყრის დროს ოპოზიციამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მიღწეული გამარჯვება უნდა გაფორმებულიყო კონსტიტუციით დანაშაულებრივი საპარლამენტო ჯგუფის ხმებით.