17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ქალბატონმა ნატომ დატოვა "პატრიოტთა ალიანსი" და ვფიქრობ, რომ ეს შეცდომის აღიარება იყო - სალომე სამადაშვილი ნატო ჩხეიძეზე

უქმნის თუ არა დისკომფორტს სალომე სამადაშვილს ფაქტი, რომ საარჩევნო სიაში ნატო ჩხეიძეც არის - "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ნატო ჩხეიძის "პატრიოტთა ალიანსში" ყოფნა შეცდომა იყო, თუმცა, მთავარია, ესა თუ ის ადამიანი დღეს რა არჩევანს აკეთებს.

ჩხეიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა და "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას აპირებს. 

"ვფიქრობ, რომ თავის დროზე, საკმაოდ დიდი შეცდომა დაუშვა ქალბატონმა ნატო ჩხეიძემ, როდესაც "ქართული ოცნების" სატელიტ პარტიასთან გადაწყვიტა პოლიტიკური ასპარეზობა. მე, რა თქმა უნდა, არ მესმის ამ არჩევანის.

ამასთან, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ისიც, მისი ოჯახი არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური შევიწროების და დევნის ობიექტი. ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი მათ შეიტანეს იმაში, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ტელეარხი.

მე, ცხადია, ვერ გავიზიარებ ყველა მომენტს და ყველა შტრიხს სხვადასხვა ადამიანების ბიოგრაფიის, რომლებიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო შეიძლება შეიკრიბონ ან ჰქონდეთ სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია ის, რა არჩევანს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი დღეს.

ქალბატონმა ნატომ დატოვა "პატრიოტთა ალიანსი" და ვფიქრობ, რომ ეს იყო აღიარება, რომ შეცდომა იყო. ვფიქრობ, საკუთარ შეცდომებზე სასაუბროდ უნდა მოიწვიოთ ის ადამიანები, ვისი ბიოგრაფიაც თქვენთვის საინტერესოა, მე მხოლოდ საკუთარ ბიოგრაფიაზე ვარ პასუხისმგებელი,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები