პანდემიის ფონზე კი საქართველო ისევ "მწვანე ზონად" მიიჩნევა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, ამ სტატუსის ეფექტიანად გამოყენების გზებზე ისაუბრეს. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანამ გატარებული ღონისძიებებით, სტატუსის მოპოვება შეძლო და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. პანდემიის ნეგატიური შედეგების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
"ვითარება მარტივი არ არის. თუ დეკემბერში ვინმე მეტყოდა, რომ მსოფლიო მოგზაურობისთვის ჩაიკეტებოდა, არ დავიჯერებდი. თუმცა ჩვენ იზოლირებულები ვართ მარტიდან. ტურიზმის მიმართულებით ბევრი სფერო რისკის ქვეშ არის. მაგრამ ჩვენი აქ ყოფნა დღეს იმის მანიშნებელია, რომ ერთადერთი გზა არის თანამშრომლობა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევარბილოთ პანდემიის ნეგატიური შედეგები," - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
თბილისში მიმდინარე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.
"ტურიზმი არის ძალა რომელიც გვაძლევს ახალი კულტურების, ახალი ადამიანების, ახალი გამოცდილების აღმოჩენის საშუალებას. ეს ღონისძიება არის მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის, რათა მხარი დავუჭიროთ ტურიზმის მომავალს, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანების ცხოვრება. გადაწყვეტილება როგორ მივცეთ მომავალი ტურიზმს, უფრო მედეგს გახდის მას. გისურვებთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში," - განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.