17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"წესრიგი აღარ დამყარდება ადამიანების უფლებების ხარჯზე" - ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთ შეთანხმებას აწერენ ხელს. ამჯერად საუბარია იმ ვალდებულებებზე, რომელსაც პოლიტიკური სუბიექტები მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით იღებენ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდება.

ამ შეთანხმებამდე "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ერთიანი საქართველო" და "გირჩი" NDI-ს ორგანიზებით ბორჯომში გამართული შეხვედრის დროს მივიდნენ. შეთანხმების თანახმად მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, შეთანხმებაში არსებული პუნქტები სრულად ჯდება იმ პოლიტიკურ პლატფორმაში, რაც მის პოლიტიკურ პარტიას მართლმსაჯულების რეფორმირებასთან დაკავშირებით აქვს. ხატია დეკანოიძის თქმით,  მთავარი აქცენტი საგამოძიებო და მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზაციაზე კეთდება.

წარსული შეცდომების გათვალისწინებაზე საუბრობს "ევროპული საქართველო":

"გავითვალისწინეთ ევროპულმა საქართველომ წარსული შეცდომები და წესრიგი აღარ დამყარდება ადამიანების უფლებების ხარჯზე," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ რეფორმები რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდა, არის გარანტია იმისა, რომ ერთის მხრივ მოქალაქეებმა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ და მეორეს მხრივ სამართალდამცავი უწყებები ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკისგან.

ოპოზიციაში შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე საუბრობს "გირჩის" თავმჯდომარე. იაგო ხვიჩიაც.

შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1.პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;

2.თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;

3. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

პროკურატურა

1.ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;

2. პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;

3.ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

სუს-ი

1.სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;

2. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

დღის ამბები