ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. მხოლოდ ერთ დღეში ლარის კურსი 2 პუნქტით დაეცა. მაჩვენებელი ბევრად საგანგაშოა ბოლო ერთი კვირის მონაცემების მიხედვით. ეროვნული ბანკის ოფიციალური ციფრებით, გასული კვირის განმავლობაში ლარი სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში 7 თეთრით გაუფასურდა. გაცვლითი კურსი, რომელიც დღის ბოლომდე მოქმედებს დოლართან მიმართებაში შეადგენს 3.15 ლარს, ევროსთან კი 3.75 ლარს. კურსი კიდევ უფრო მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.
აღნიშნულთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანა მსგავს შედეგამდე მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ და ინვესტიციების შემცირებამ მიიყვანა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, თუ მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდა, ახალი წლისთვის ვალუტის გაუფასურება თითოეული მოქალაქის ჯიბეს მნიშვნელოვნად შეეტყობა და დოლარის კურსის ცვალებადობა განსაკუთრებით იმოქმედებს ფასებზე.
"მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეაჩეროს ლარის ვარდნა. მიზეზი არის ძალიან ბევრი მათ შორის ის რაც იყო კორონავირუსის პანდემიამდე - ინვესტიციების კლება და ეკონომიკური კლიმატის გაუარესება. მაგრამ კონკრეტულ ამ შემთხვევაში დაემატა ბიუჯეტის არნახული დეფიციტი. მარტივად რომ ვთქვათ მთავრობამ ისესხა ფული, 1,5 დოლარი, რაც არის 5 მილიარდი ლარი, ამ ლარს უშვებს მიმოქცევაში, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, მაგრამ ის დოლარები, რომელიც შემდეგ ეროვნული ბანკის რეზერვებში იქნა თავმოყრილი საგარეო ვალის სახით, ეროვნულმა ბანკი ვალდებულია, რომ განახორციელოს ინტერვენციები," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს რომ ლარის დასტაბილურება დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები ამ არჩევნებში და შემდგომ უკვე ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში:
"თუ საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს დატოვებს ხელისუფლებაში, ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი ბოლო ათწლეულების განმავლობაში, იმიტომ რომ ლარის ეს გაუფასურება გადაიზრდება ფასების ზრდაზე და ფასების ზრდა არის ის რაც ყველაზე მეტად ურტყამს ოჯახების ჯიბეს," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.