ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშს ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპარლამენტი გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საპარლამენტო არჩევნების მიმართ.
"ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე ფართომასშტაბიან რეფორმებს, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომელთა მიზანია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება. ევროპარლამენტი მხარს უჭერს და გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საპარლამენტო არჩევნების მიმართ და რა თქმა უნდა, მინდა დავარწმუნო ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში. ანგარიშში არის მოცემული ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და პრიორიტეტები. ჩვენ რასაკვირველია, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვაგრძოთ რეფორმები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ანგარიშს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა. მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ საქართველოს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.
"ძალიან კარგად არის ასახული არა მხოლოდ ის პროგრესი და მიღწევები, არამედ არის გარკვეული მიმართულებები, რომელზეც გვირჩევენ, მუშაობა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, 552-ით 61-ის წინაღმდეგ - ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ დემოკრატიზაციის მისწრაფებაში საქართველოს ძალისხმევა პროგრესული და დასაფასებელია.