17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე არჩილ თალაკვაძე დიპლომატებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის თაობაზე შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

"სასამართლოს, რომელშიც დავის შედეგად ათასობით ჩვენი მოქალაქე მიდიოდა სტრასბურგში და ევროსასამართლოში ეძებდა სამართალს, დღეს არის ეს ყველაფერი შეცვლილი, 60%-იანი კლება გვაქვს ევროსასამართლოში მიმართვების. სტატისტიკას თუ შეხედავთ სასამართლოს მუშაობის, ვხედავთ, რომ მოქალაქეებს და სახელმწიფოს შორის დავებს შორის არის ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დღეს ბევრად უფრო მეტად პოულობენ სამართალს ეროვნულ სასამართლოებში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების ახალი სტანდარტები დგინდება.

"სამ ძირითად საკითხს ეხება განხილვა. ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება, ამ დასაბუთების გასაჩივრება და აქედან გამომდინარე ასევე საკითხად იდგა კენჭისყრის ღიაობა და ფარულობა. ვფიქრობ, რომ პოზიციები ამ ეტაპისთვის არის დაახლოებული, თუმცა კვლავ რჩება გარკვეული საკითხები და დეტალები, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს," - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ.

როგორც გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა შედეგად გამოიღებს კანონში კარგ ცვლილებებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციას დააკმაყოფილებს.

"გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა მოსამართლეების შერჩევაზე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ეს შესწორებები უკვე იყო აქამდეც განხილული და მე ვხედავ პროგრესს კანონპროექტში. ჩვენ არ გვქონდა დრო სრულად შეგვესწავლა ქართული ტექსტი, რომელიც წარადგინეს, თუმცა მე ვხედავ მიზეზს, რომ მქონდეს იმედი, ეს შედეგად გამოიღებს კანონის კარგ ცვლილებას და დააკმაყოფილებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას," - აცხადებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

დღის ამბები