"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
ქუთაისი გახდება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ და პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტში ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
რომან გოცირიძის თქმით, ეს კანონპროექტი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოკომოტივი გახდება. გოცირიძის თქმით, კანონპროექტი ასევე გახდება "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მაჟორიტარი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ქუთაისში საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი.
"ქუთაისი გახდება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი, ჩვენ შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ქუთაისისათვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ეს "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მაჟორიტარი კანდიდატის, ბატონი გრიგოლ ვაშაძის, ქუთაისის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
თავად ქუთაისი მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ისინი ქუთაისის მოქალაქეებს ჯერ კიდევ 2018 წელს დაპირდნენ, რომ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსს დაუბრუნებდნენ. მისივე თქმით, კანონპროექტში ამ საკითხის გარდა, სხვა თემების არის გაწერილი.
"ჩვენ 2018 წელს დაპირებად გვქონდა, რომ ვიბრძოლებდით ქუთაისისთვის უსამართლოდ წართმეული საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი დაგვებრუნებინა. ამ კანონპროექტში არის ასევე ის, რაც ქუთაისში მცხოვრებ მოქალქეებს ჰქონდათ დაკვეთილი. ეს გახლავთ ბიუჯეტის გაორმაგება, პოლიციის უფროსის მოქალაქეების მიერ არჩევა და ასევე, სამინისტროების და უწყებების წარმომადგენლობების გახსნა ქუთაისში,"- აღნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.