პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "დღის კურიერის" ეთერში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მუშაობას უწუნებს და მას "ოროსან მინისტრად" მოიხსენიებს. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქვეყანას ალბათ ბედი გაუღიმებს, თუ ამ მთავრობის წევრს ამ სტატუსში არავის ვიხილავთ.
რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკის მინისტრის დღევანდელი გამოსვლა იყო მთავრობის ბოლოს გასეირნება პარლამენტში.
"ნათია თურნავა ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში, ძალიან კარგი სტუდენტი იყო ხუთოსანი, მაგრამ აქ არის ოროსანი მინისტრი; იქ კარგად სწავლობდა, აქ ცუდად მუშაობს. დღეს მისი გამოსვლა იყო მთავრობის ბოლო გასეირნება პარლამენტში. ამის შემდეგ არავინ არ მოვა მთავრობის წევრი და ალბათ ძალიან ბედი გაუღიმებს ქვეყანას თუ კი ამ მთავრობის წევრს ამ სტატუსში არავის არ ვიხილავთ ამ პარლამენტში. ეს იყო ბოლო გამოსვლა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის. ბოლო გამოსვლა, როდესაც მათი სიამაყე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად დამთავრდა კრახით, დღეს უკვე 200-მდეა და ყოველ კვირეული 200-მდე ასე თუ გაიზარდა სომხური სცენარით მივდივართ.
ჰქონდათ უზარმაზარი ოდენობის ფული, ჰქონდათ დრო, ამოსუნთქვის საშუალება მიეცა ქვეყანას იმ დრაკონული ზომებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის სრულიად ჩაკეტვას და ეკონომიკას 17%-იან ვარდნას ნიშნავდა და ამ უზარმაზარი დანაკარგების ფასად დროის მოგებით ჯანდაცვის სისტემა მაინც უნდა გაეძლიერებინათ. თქვენ წარმოიდგინეთ 3 000 ინფიცირებული გვყავს და რა მდგომარეობაა ქვეყანაში და სომხეთში 45 000 კოვიდინფიცირებული არის და ჩვენზე პატარა სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო მიუხედავად იმისა, რომ თავიდან შეცდომა მოუვიდა და არ ჩაკეტეს ქვეყანა, საზღვრებს ვგულისხმობ. ამიტომ კოვიდზე გამარჯვებული პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგით მოდიოდნენ, გულარხეინი სიტუაცია შექმნეს იმის გამო, რომ თქვეს, მოდით ჩვენ გავიმარჯვებთ და არაფერი არ მოხდება.
დენდროლოგიურ პარკში ამაყობდნენ, რომ 10 000-ობით ხალხი მივიდა და ივანიშვილის ამ ხეების თრევას ამართლებდნენ და რა მივიღეთ? მივიღეთ ორი რამ: ერთია სიმბოლურად ქალბატონ ნათიას მოსვლისას პარლამენტში ორი ასე ვთქვათ ნიჩაბით ხელში, აი მესაფლავე, ერთი ნიჩაბი არის ლარი, რომელმაც ამხილა ხელისუფლების სახე და როგორც თერმომეტრმა აჩვენა 41 გრადუსი, 41 გრადუსი არის საგანგაშო სიცხე ადამიანისთვის და მეორე - პანდემია გაექცათ ხელიდან," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
"დღის კურიერის" წამყვანის კითხვას, თუ როგორ მოიქცეოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ ამ უპასუხისმგებლო მთავრობის პირობებში ერთადერთი, რაც ეროვნულ ბანკს დარჩენია არის ინტერვენციები.
"რა თქმა უნდა უპასუხისმგებლობაა წინასაარჩევნოდ ფულის მიყრა და ასე მოხდა 2016-შიც. 2016-ში 3 თვის განმავლობაში ლარი დაიჭირეს ინტერვენციებით და როგორც კი დამთავრდა არჩევნები, შეგიძლიათ დააკვირდეთ გრაფიკს, როგორც კი მეორე ტური დამთავრდა მეორე დღესვე ლარი უკვე ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 30 თეთრით გაუფასურდა.
რას ვიზამდი აი ამ ვითარებაში მე რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყო ასეთი უპასუხისმგებლო მთავრობის პირობებში - ერთადერთი რამ დარჩენია ეროვნულ ბანკს - ინტერვენციები. 400 მილიონი გაყიდა? 800-ის გაყიდვა მოუწევს.
რომ არ ყოფილიყო 400 მილიონის ინტერვენცია რა მოხდებოდა? დღეს ლარი იქნებოდა იმ ნიშნულზე, როდესაც არ იარსებებდა საერთოდ ბიზნესი და ადამიანს ელემენტარულად წამლის და პურის ფული არ ექნებოდა. ეს არის ორი ბოროტებიდან ნაკლები ბოროტება," - განაცხადა რომან გოცირიძემ.