17 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით - მიხეილ სააკაშვილს საკუთარი განცხადების გამო განმარტების გაკეთება მოუწია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, სადაც ის აცხადებს, რომ არჩევანი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კეთდება, განმარტება გააკეთა.

სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებით მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართავს, რომ "ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დააზიანონ საერთო ინტერესები."

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" მზადაა ითანამშრომლოს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან.

"მინდა მივმართო კოლეგებს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან თუ სხვადასხვა ჯგუფებიდან.
თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.

ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება ნაციონალური მოძრაობის და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხადასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.
აქვე, უნდა ითქვას, რომ ვფიქრობ ახლა ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება და ის რომ ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები.
დღეს გზაგასაყარია, მივდივართ წინ, ქვეყნის გამარჯვებისკენ თუ ვტოვებთ ქვეყანას განსაცდელში. ამიტომ, დღეს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს და ახლა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, იმისთვის რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, გამოვრიცხოთ დღევანდელი რეჟიმის მიერ ქვეყნისთვის სახიფათო რაიმე მანევრის შესაძლებლობა.
ჩვენ აუცილებალდ გავიმარჯვებთ!,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები