17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
NDI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვების დაწყების შესახებ განაცხადა. აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) მიგნებებსა და რეკომენდაციებს დაეფუძნება და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

NDI-ს ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას.

NDI-ს საერთაშორისო გრძელვადიანი დისტანციური სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ  დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. ეს პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით ხორციელდება.

დღის ამბები