"ევროპული საქართველოს" მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ეხმაურება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის თქმით, 31 ოქტომბერს, თუ რომელიმე პარტიას იმაზე მეტი ხმა ექნება, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას," შეუძლია თავისი პირობები თავად განსაზღვროს.
"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კომპასს გეზი არ დაეკარგება იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც აინტერესებს ახლა ჩვენს ამომრჩეველს. "ევროპულ საქართველოს" საარჩევნო კამპანიაში, მათ შორის ყველა პარტიას, თუ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დააგროვოს იმაზე მეტი ხმა, ვიდრე აქვს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", მაშინ შეუძლია განსაზღვროს თავისი პირობები. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა მობილიზებული ვიყოთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს და ჩვენი პარტიის მთავარი სტრატეგია და ამოცანა არის ივანიშვილის დამარცხება. დანარჩენზე ყველაფერზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ამომრჩეველი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველო" მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ და ამჯერადაც მკაფიოდ გაემიჯნა. ევროპულმა საქართველომ წინასაარჩევნო დაპირებების სიაში დღეს ოფიციალურად შეიტანა ერთ-ერთი ვალდებულების პუნქტიც, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.