17 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
თუ მართლა გვინდა შევაჩეროთ ამომრჩევლის დაშინება და კონტროლი ავკრძალოთ მობილური ტელეფონების შეტანა საარჩევნო ჯიხურში - ანა დოლიძე

პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატმა ანა დოლიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან დიდუბე-ჩუღურეთში სხვა კანდიდატურის წამოყენება გაერთიანების პირობის დარღვევა იყო.

მან განმარტება გააკეთა იმ საკითხზეც, როდესაც საკუთარი ბრძოლა ამ ოლქში დავითის და გოლიათის ბრძოლას შეადარა - მისი თქმით, ამ გამონათქვამით გია ვოლსკი იგულისხმა, რომლის რეკლამაშიც გაცილებით დიდი რესურსი იხარჯება. 

"როდესაც პოლიტიკოსი ხარ, არ უნდა უარყო ის პირობა, რომელიც თვითონვე დადე. მე ვიყავი პირველი, ვინც ოპოზიციის მხრიდან ოლქში საკუთარი კანდიდატურა დააყენა. ვერ უარყოფენ, რომ კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობა ჩემ მიმართ კეთილგანწყობილია, ამიტომ, თავიანთივე პირობის დარღვევა იყო, როდესაც იქ ზურაბ ჯაფარიძე დამიყენეს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მხარდაჭერა მაქვს ამ ოლქის და მთელი ქვეყნის მასშტაბით და დანარჩენს 31 ოქტომბერი გვაჩვენებს.

გოლიათის მეტაფორა აქ იმ შემთხვევაში არის შესაბამისი, ვინაიდან რომ გადავხედოთ ბანერების რაოდენობას, შეგვიძლია დავითვალოთ, რამხელა რესურსი ხმარდება ბატონ გია ვოლსკის, რომელიც არ ატარებს კარდაკარ კამპანიას, როდესაც ჩემი გუნდი ახლაც იმყოფება კუკიაზე და თითოეულ სახლში მივდივართ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი გუნდისთვისაც საფრთხილოა კოვიდიდან გამომდინარე. სამაგიეროდ, უამრავი რესურსი იხარჯება ბატონი გია ვოლსკის რეკლამაში. ამას ვგულისხმობდი - აქეთ არის სუფთა, ახალი, მაგრამ ძალიან მებრძოლი და სერიოზულ ფასეულობებზე დამყარებული ძალა, მეორეს მხრივ არის "ქართული ოცნების" პარტიული ბიუროკრატი, რომელსაც შესაბამისი რესურსებით აქვს მხარდაჭერა,"-განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ საკუთარ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქვს ორი გეგმა - ეროვნული დონის და ადილობრივი. 

"მე დღეს ვარ ერთადერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, შეგიძლიათ შეადაროთ სხვებს, რომელსაც აქვს ორი გეგმა: ერთია ეროვნული დონის გეგმა, სადაც უმთავრესი რეფორმა ეყრდნობა სასამართლო რეფორმის საკითხს, რომელსაც მე პირველივე 100 დღეში გავიტან საქართველოს პარლამენტში და ნახავთ ამის შედეგებს, როგორც იუსტიციის საბჭოში ჩემი ბრძოლა ნახა ყველა მოქალაქემ. სანამ იუსტიციის საბჭოში შევიდოდი, არავინ არ იცოდა ეს ორგანო ექსპერტების გარდა და ახლა ყველამ იცის, ბავშვმაც კი.

მეორე გეგმა არის ადგილობრივი გეგმა, რომელიც ეხება დიდუბე-ჩუღურეთს, როგორც ეკონომიკურ და კულტურულ ეპიცენტრს. მთავარი გზავნილი არის ლიფტების რეაბილიტაციის საკითხი, რომელიც გაწუხებთ, ალბათ, თქვენც. ნებისმიერ ძველ კორპუსში რომ შეხვიდეთ თბილისში, ჯერ უნდა დაფიქრდეთ ღირს თუ არა ლიფტით ასვლა, რკინიგზის გადატანის საკითხი და მწვანე სივრცის თემა, რომელიც აწუხებს ყველას ჩუღურეთში და დიდუბეში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული რაიონია თბილისში,"-განაცხადა ანა დოლიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო ჯიხურებში მობილური ტელეფონების შეტანის აკრძალვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"თუ ჩვენ მართლა გვინდა შევაჩეროთ ამომრჩევლის დაშინება და მისი კონტროლის პროცესი, მთავარი საშუალებაა ავკრძალოთ მობილური ტელეფონების შეტანა თავად საარჩევნო ჯიხურში. რადგან ჩემი კარდაკარის გამოცდილება პირდაპირ მეუბნება ორ რამეს - ამით ადამიანებზე ახორციელებენ წნეხს, ეუბნებიან გადაუღე სურათი 41-ს ბიულეტენზე და გამომიგზავნე. ეს არ იქნება ადამიანების უფლებათა დარღვევა როგორეც საერთაშორისო სტანდარტებით, ისე ადგილობრივი სტანდარტებით ადამიანების უფლებათა დაცვის სფეროში, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც პირიქით- ჩვენ უზრუნველვყოფთ მოქალაქეების ნების გამოხატვის თავისუფლებას,"- განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები