17 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
საშინაო პრიორიტეტი იქნება სახიფათო სოციალური ექსპერიმენტების წინააღმდეგ ბრძოლა - დიმიტრი ლორთქიფანიძე

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც პოლიტიკური ტაიმ-აუტის დროს "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორი იყო. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა "პრიმაკოვის ცენტრი", რომლის ხელმძღვანელიც ისაა, საქართველოში რუსული ენისა და ლიტერატურის უფასო სწავლებას ემსახურება და არა მის პოლიტიკურ აქტიურობას. რაც შეეხება მის დაფინანსებას, ის ამის წყაროდ საზოგადოებას განიხილავს:

"მთავარ წყაროდ მე განვიხილავ საზოგადოების მხარდაჭერას,  ჩემი საარჩევნო ანგარიში არის ღია და გამჭვირვალე. ის გამოტანილი იქნება საჯარო სივრცეში," - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ასევე პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატებიც გააკრიტიკა და  განაცხადა, რომ მათ საარჩევნო პლაკატების განთავსების მთელი რესურსები დაიკავეს და დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის ადგილი აღარაა დარჩენილი.

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, მისი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება ისეთ გზავნილებზე, რომელიც მას ადრეც ჰქონდა. ამის მაგალითად კი ლორთქიფანიძემ ერთნაირსქესიანი წყვილების უფლებების წინააღმდეგ გამოსვლა მოიყვანა და ასევე განაცხადა რომ ის აქტიურად იბრძოლებს ეკლესიის მოწინააღმდეგეებთანაც:

"ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იქნება მხილება იმ საერთაშორისო მავალდებულებელი ნორმებისა, რომელიც მაგალითად ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში საიდუმლო მუხლებშია გაწერილი, საგარეო პრიორიტეტი იქნება დეოკუპაცია და საშინაო პრიორიტეტი სახიფათო სოციალური ექსპერიმენტების წინააღმდეგ ბრძოლა," - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მისი თქმით, მისი ნიშა არის ეროვნულ კონსერვატიული, მისი კონკურენტების უმრავლესობა კი ამ ვალდებულებების შესრულებას უჭერს მხარს.

დღის ამბები