საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობისთვის მხარდაჭერას ოპოზიციის უმრავლესობა არ აპირებს.
"ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას გამორიცხავს და ამომრჩეველს ჰპირდება, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე არც მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
ოპოზიციური პარტიების ის ნაწილიც კი, რომლებიც საარჩევნო საკითხებზე თანამშრომლობენ, სააკაშვილის მხარდაჭერას არ გეგმავენ და მთავრობის მეთაურის საკუთარ კანდიდატურებს არჩევენ, ან უკვე შერჩეული ჰყავთ.
ოპოზიციის თითქმის სრული სპექტრის გამიჯვნა სააკაშვილის პერსონისგან არ აღელვებთ მის თანაგუნდელებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" სჯერათ, რომ ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ მიიღებს ხმების იმ რაოდენობას, რამდენსაც "ნაციონალური მოძრაობა".
პრემიერის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურა მმართველი პარტიისთვის ყოფილი პრეზიდენტის "ფანტაზიაა". "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის შანსების ნულს უტოლდება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, დაახლოებით, 2 კვირის წინ დაასახელა, თუმცა, მას ამ დრომდე მხოლოდ მისი პარტიის და გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" წევრების მხარდაჭერა აქვს.