"საქართველოს კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ პარტიაში "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას განიხილავენ.
როგორც ძიძიგურმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, მისი პარტია გამორიცხავს "ნაციონალურ მოძრაობასთან" პარტნიორობას.
"ორი პარტიაა მხოლოდ, მე ჩემს მოსაზრებას, "კონსერვატორებისას" ვაფიქსირებ ღიად და ვიტყვი კიდევ, ორი პარტიაა მხოლოდ ერთი არის ბიძინა ივანიშვილის, მეორეა მიხეილ სააკაშვილის და მის ირგვლივ ორბიტაზე მყოფი პარტიები, რომელსაც აქვს კოალიციის ჩამოყალიბების თეორიული შანსი. სხვა პარტიები არ არის და ამ დროს, როდესაც ეკითხები პარტიებს, რომ ვისთან აკეთებ კოალიციას, არც ერთთან, არც მეორესთან იძახიან. აბა რა გინდათ, რიგგარეშე არჩევნები გინდათ?! ამიტომ იკლავდით თავს პროპორციულ არჩევნებზე, რომ მერე რიგგარეშე არჩევნები ჩატარებულიყო. ჩვენ ვამბობთ "კონსერვატორები" პირდაპირ, 8 წლის განმავლობაში ვიყავით "ქართულ ოცნებასთან", აქედან გამომდინარე განვიხილავთ ვერსიას, რომ კოალიციას გავაკეთებთ "ქართულ ოცნებასთან" და გამოვრიცხავთ კატეგორიულად მიხეილ სააკაშვილთან რაიმე ტიპის კოალიციას, თანამშრომლობას და ასე შემდეგ, იმ პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე, რომელიც "კონსერვატიულმა პარტიამ" ბოლო 20 წლის განმავლობაში გაიარა," - განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგური უარყოფს, რომ მისი პარტია მმართველი გუნდის სატელიტს წარმოადგენს.
"ოპოზიციის ოპოზიციაც არ ვართ, სადმე გინახავთ, რომ გამოვედით და ოპოზიციას ვლანძღავთ. ჩვენ გვაქვს სრულიად განსაკუთრებული კამპანია. რაც შეეხება "ქართული ოცნების" სატელიტობას, სისულელეა ეს. ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი "ოცნება" აიღებს 70 მანდატს და კონსერვატორები 7 მანდატს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გავაკეთებთ ერთად კოალიციას და რა გგონიათ, რომ ასეთ შემთხვევაში "ოცნების" ქვეშევრდომები ვართ?! კოალიციური მთავრობა შევქმენით ერთად და ჩვენ სატელიტები ვართ?! სატელიტები კი არა ბერკეტი მიკავია ხელში და კონსერვატორების ხმაზე იქნება დამოკიდებული, კონსერვატორების არაზე ბიუჯეტის მიღება. ჩვენ წინაპირობაც გვაქვს ჩვენი," - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა და საკუთარი პარტიის წინაპირობებზე ისაუბრა და დასძინა, რომ თუ "ქართული ოცნება" ამას არ დასთანხმდება, არ შექმნიან მათთან კოალიციას.
ზვიად ძიძიგურმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნებს დაფინანსების გარეშე, უფულოდ ატარებენ.
"კაპიკი არ გვაქვს, ვატარებთ არჩევნებს ენთუზიაზმით, არცერთი ბანერი და რეკლამა არ გვაქვს," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.