ჯანდაცვის კომიტეტმა "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. საბოლოო კენჭისყრა სესიაზე სავარაუდოდ 29 სექტემბერს ჩატარდება. შემუშავებული პროექტით, ძლიერდება შრომის ინპექციის უფლებრივი მდგომარეობა. იზრდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაც.
"ჩვენი 4 ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული შენიშვნიდან, სამი გათვალისწინებულია. ეს შეეხება მინიმალური ხელფასის ცნებას, სამუშაო საათების მკაცრად ლიმიტირებას და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მინიმალური სტანდარტის მკვეთრ ზრდას. სამივე საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან. შრომის ინსპექციას ექნება გაფართოებული მანდატი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ საკითხს, რადგან რჩება მთელი რიგი რისკები, მათ შორის შრომის ინსპექციის შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსით,"- აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი.
"კარგია ეს ცვლილებები, ძალიან ბევრი კარგი ნორმაა ჩადებული, რომელიც იცავს დასაქმებულთა იტერსებს, მაგრამ არის ერთი-ორი ისეთი ცუდი, რომელმაც შეიძლება გააუარესოს შრომის ბაზარზე მდგომარეობა. რაღაც ინსპექცია, რომელსაც კანონი განუსაზღვრელი უფლებებით აღჭურავს, შეიძლება გახდეს კორუფციისა და მორიგი რეპრესიული ზეწოლის ბერკეტი ხელისუფლების ხელში,"- აცხადებს რომან გოცირიძე.
"ამ პაკეტის ნაწილი არის შრომითი ინსპექციის ძლიერი ინსტიტუციის საკანონმდებლო ბაზისი, რომლის საფუძველზე, 1 იანვარს უკვე გვეყოლება ძლიერი შრომის ინსპექტორი, რომელსაც ექნება განუსაზღვრელი, საერთაშორისო სტანდარტის სამართლებრივი მანდატი. მათ შეეძლებათ, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სამუშაო პროცესში შევიდეს, ჩაატაროს მონიტორინგი და მოახდინოს სანქცირება, რომელიც შეიძლება დაადგინოს. მას არ ექნება წინასწარ შეთანხმების ვალდებულება არც სამინისტროსთან, არც სასამართლოსთან,"- აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, შრომის კოდექსის კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი.