მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თანაბრად დაკომპლექტებული სიის ჩამოყალიბების შემოთავაზება იყო მხოლოდ შემოთავაზებისთვის, რადგან მან კარგად იცოდა, რომ უარს მიიღებდა - ამის შესახებ "დღის კურიერში" სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როცა ოპოზიციას შორის შეთანხმებაზე იყო საუბარი, ის ეხებოდა მხოლოდ მაჟორიტარულ ნაწილს, რადგან, ერთპარტიული ბლოკის შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიცია ხმებს დაკარგავდა.
"სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ გამოირჩევა სტაბილურობით. მიხეილ სააკაშვილს, ნაციონალურ მოძრაობასა და გიორგი ვაშაძეს შორის უთანხმოების მიზეზი იყო პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელება, რასაც მიშამ უპასუხა, რომ ახლა თანამდებობების გაყოფის დრო არ არის. ამასთან, ამბობს, რომ თურმე რაღაც თანამდებობებს გვთავაზობდა. არა, არანაირ თანამდებობებს არც გვთავაზობდა და არც შეიძლება განხილული ყოფილიყო მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური და თანამდებობების გადანაწილებასაც კოალიცია გადაწყვეტს.
ერთპარტიული ბლოკები თავიდანვე გამოირიცხა არა იმიტომ, რომ მიშა სააკაშვილმა შემოგვთავაზა. ის შემოთავაზებას აკეთებდა მხოლოდ შემოთავაზებისთვის, ოღონდ განწირული იყო არა იმიტომ, რომ მიშა სააკაშვილია მიუღებელი ტიპი რიგი პარტიებისთვის, საერთოდ მიხეილ სააკაშვილში არაა საქმე. მიგვაჩნია, რომ დღეს პარტიების ერთ ბლოკად გაერთიანება პირიქით ხმებს დაგვაკარგვინებდა, რადგან ვერ წარმომიდგენია ნინო ბურჯანაძის მომხრეებმა ხმა მისცეს იმ ბლოკს, სადაც იქნება "ნაციონალური მოძრაობა" ან "ევროპული საქართველო". ერთ მაგიდასთან ჯდომა და ერთი ბლოკი ორი სხვადასხვა რამეა,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მისივე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ ლიდერებთან მაჟორიტარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა ეს შეთანხმება ჩაშალეს.
"ჩვენ ვსაუბრობთ არა მიხეილ სააკაშვილთან, არამედ პარტიის ოფიციალურ ხელმძღვანელებთან (ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე) და მეტსაც გეტყვით - ჩვენ ეს შეთანხმება მიღწეული გვქონდა, სად როგორ გავაკეთებდით ურთიერთმხარდაჭერას. სამწუხაროდ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებებს, როგორც ჩანს, აზრი არ აქვს, რადგან კაცმა არ იცის, იქ ვინ იღებს გადაწყვეტილებას. აზრი არ აქვს ფორმალურ ხელმძღვანელებთან შეთანხმებას.
ვფიქრობ, რომ შეთანხმების დარღვევაში ვანო მერაბიშვილის წილიც ძალიან დიდია. როგორც ჩანს, ბატონ ვანოს უნდა მოიგოს ბატონი მიხეილის გული, რაც არ მგონია მთლად შესაძლებელი, მაგრამ თავის საქმის თვითონ იცის,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.