17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხის მოგვარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის მოგვარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმებიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციაც და უმრავლესობაც თვლის, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანის საკითხია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დოკუმენტების რევიზია იმგვარად მოხდეს, რომ არ დაზიანდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უნდა იცავდეს სახელმწიფო ინტერესებს და მეზობელ ქვეყანასთან საზღვრის გავლების დროს უნდა ხელმძღვანელობდეს ქვეყნის ინტერესებით და არ უნდა ახდენდეს მდგომარეობის ხელოვნურ გამწვავებას.

საკითხს მნიშვნელოვანს უწოდებენ უმრავლესობაშიც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი მინისტრის მხრიდან პოზიტიური განცხადებები გაკეთდა და აუცილებელია კომისიამ მუშაობა აქტიურად გააგრძელოს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას განცხადებით, სპეციალური კომისია გააგრძელებს მუშაობას ახალ დოკუმენტაციაზეც და საკითხებიც სწორედ ამ კომისიის ფარგლებში გადაწყდება.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებული ახალი კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე  შესაძლოა 2006-2007 წლების შეთანხმება შეიცვალოს. დავით ზალკალიანმა განცხადება აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მასალები ქართულმა მხარემ ოფიციალურ ბაქოს უკვე გადასცა და ახლა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივი კომისიის ფარგლებში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის შორის არ არსებობს მოუგვარებელი საკითხები.

დღის ამბები