საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე განახლებულ დისკუსიას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მათი ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას ამ მოლაპარაკებების პროცესში უნდობლობას უცხადებს.
"ვუცხადებთ უნდობლობას საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას ამ მოლაპარაკებების პროცესში, იმიტომ, რომ რამდენჯერაც ეს მოლაპარაკებები გაიმართა და ყველაფერი დაიწყო სალომე ზურაბიშვილის იმ ავადსახსენებელი ვიზიტით შემდეგ, იმდენჯერ დათმობაზე მოუწია წასვლა ქართულ მხარეს, ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელი არის ამ პროცესში საჯაროობა, გამჭვირვალეობა შევიტანოთ და ზალკალიანმა უნდა გააკეთოს არა მიკიბულ-მოკიბული, არამედ ძალიან კონკრეტული განმარტება, რა კარტოგრაფიულ დეტალებზე არის საუბარი," - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ.
"მე მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას გონს მოეგოს, ნუ იფიქრებს, რომ ივანიშვილის მაფიოზური, ბიზნეს-გამყვიდველური რეჟიმია საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობათა მომავალი. ეს რეჟიმი უახლოეს კვირებში და პერიოდში აქ აღარ იქნება და ალიევს მოუწევს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა იმის გამო, რასაც სჩადის თუნდაც დავით გარეჯის მონაკვეთზე," - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საკითხზე განმარტებებს უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს.
"ეს საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისაა და აუცილებელია დეტალები ვიცოდეთ. როდის იქნება ამ ინფორმაციის მოწოდება საზოგადოებისთვის, ამაზე ალბათ ჯობია დაველოდოთ უშუალოდ სამინისტროს განცხადებას. მე არ მაქვს დღეს ინფორმაცია, რა დოკუმენტები გადაეცა, როგორც ახსენა ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა," - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ.