17 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
მოსამართლეთა მცირე რაოდენობა მართლმსაჯულების ხარვეზებზე მიუთითებს - ნაზი ჯანეზაშვილი

მოსამართლის გარეშე დარჩენილი სასამართლოები და ხელოვნურად გაჭიანურებული კონკურსები - ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი საუბრობს.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა მცირე რაოდენობა მართლმსაჯულების ხარვეზებზე მიუთითებს.

"დღეს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ვისაუბრე, ეს არის რიცხვები, რომელზეც ინფორმაცია ყველგან დევს. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძის პასუხს, მას ვურჩევ რომ კანონში ჩაიხედოს. კანონით, კონკურსის საბოლოო დასრულების თარიღი დადგენილი არ არის," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე კი, აღნიშნავს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი უხერხულობას უნდა განიცდიდეს იმდენად ორმაგ სტანდარტს მისდევს.

"როგორც მინიმუმ უხერხულობას უნდა განიცდიდეს იმდენად ორმაგ სტანდარტს მისდევს ქალბატონი ნაზი. ვაკანსიები ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ დავამატეთ და მისი რაოდენობა გავზარდეთ იმიტომ, რომ მოსამართლეების ნაკლებობა იყო. ამ გადაწყვეტილებას კი ნაზიმ მხარი არ დაუჭირა. არის ვადა იმისათვის, რომ დოკუმენტაცია შეგროვდეს მონაწილე პირების შესახებ, ქალბატონმა ნაზიმ მოსამართლეების შერჩევის საკმაოდ რთული პროცედურა შემოგვთავაზა, რომელსაც დაახლოებით 3 თვე დასჭირდება,"- აღნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე.

დღის ამბები