არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო მატულობს ოპოზიციურ სპექტრში, "ნაციონალური მოძრაობა" გირჩისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
დღეს სალომე სამადაშვილი ზურაბ ჯაფარიძეს მიხელ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადებების გამო დაუპირისპირდა და გირჩის ლიდერს "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
პოლიტიკური პარტნიორების ულტიმატუმს გირჩის ლიდერმა უარით უპასუხა და არც ბოდიში მოიხადა. განმარტა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პრეტენზიები მათივე ინტერპრეტაციებს ეფუძნება.
შანტაჟისა და ულტიმატუმის ენით საუბარი რომ საერთო მიზანს აზიანებს, ეს დღეს დაპირისპირებულ მხარეებს დანარჩენმა ოპოზიციურმა ძალებმა შეახსენეს და კონსოლიდაციისკენ მოუწოდეს.
ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატია. მას ჯერ კიდევ აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა.
ისნის მსგავსად, ჩაიშლება თუ არა კიდევ ერთ ოლქში ოპოზიციური შეთანხმება - ეს უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.