"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე ისაუბრა.
"ღამის კურიერის" წამყვანმა ეთერში "საქსტატის" მონაცემები წაიკითხა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2016 წელს "ქართული ოცნების" დაპირებული 200 000 სამუშაო ადგილის ნაცვლად, -27 100 სამუშაო ადგილია.
ირაკლი კობახიძე აღნიშნულ მონაცემებს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ათეულობით ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი, ხოლო რაც შეეხება თვითდასაქმებულთა ნაწილს, აქაც არსებითი ზრდა შეინიშნება.
ირაკლი კობახიძის თქმით, "აწარმოე საქართველოს" პროგრამიდან გამომდინარე დაახლოებით 16 500 ადამიანი დასაქმდა.
"ათეულობით ათასით გაიზარდა მარტო დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი. რაც შეეხება თვითდასაქმებას, თვითდასაქმების ნაწილშიც გვაქვს რეალურად არსებითი ზრდა გამომდინარე განსაკუთრებით იმ პროგრამებიდან, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში და ასევე "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში. მარტო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამიდან გამომდინარე დასაქმდა დაახლოებით 16 500 ადამიანი.
200 000 სამუშაო ადგილი იყო გათვლილი 4 წლიან პერიოდზე, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ მე-4 წლის თავზე, ანუ მე-4 წლის მონაცემები უნდა დამატებოდა ამ ყველაფერს. რაც შეეხება ზრდას, რამდენიმე ათეული ათასით გაიზარდა ეს მაჩვენებელი და კიდევ უფრო მეტი იქნებოდა მე-4 წელს. პროგნოზით იყო 5%-იანი ეკონომიკური ზრდა და თქვენ იცით, რომ პროგრესი არის პრაქტიკულად გეომეტრიული და ჩვენ რომ გვქონოდა სტანდარტული განვითარების საშუალებები 2020 წელს, ჩვენ 2020 წლის ბოლოს შევხვდებოდით კიდევ უფრო ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებლით,
200 000 სამუშაო ადგილი ვერ შეიქმნა, მაგრამ ათეულობით ათასი შეიქმნა, მე ზუსტად მაქვს ეს მონაცემები.
2016 წლიდან პანდემიამდე, ანუ 20 წლის გამოკლებით, 3 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 40%-ით გაიზარდა. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რა მასშტაბის ზრდას ნიშნავს? ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის სამუშაო ადგილები გაიზარდა ათეულობით ათასით. გარდა „საქსტატისა“, ეს არის ბიუჯეტის მონაცემები, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები და სავალუტო ფონდის მონაცემები. როდესაც ეკონომიკა იზრდება 40%-ით, ეს ნიშნავს არა მარტო ქვეყნის დოვლათის 40%-ით ზრდას, არამედ მოქალაქეების საერთო დოვლათის ერთ სულ მოსახლეზე ზრდას," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.