გაერო გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ღონისძიებებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. დავით ზალკალიანმა, მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - "ალიანსი მულტილატერალიზმისთვის" და შვედეთის მიერ ინიცირებული მეგობართა ჯგუფის - "მეგობრები დემოკრატიის დასაცავად" საინაუგურაციო შეხვედრაში.
მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვედეთის მხარეს მეგობართა ჯგუფში საქართველოს მოწვევისთვის და საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების საკუთარი წარმატებული გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების მზადყოფნა გამოხატა.
ინიციატივა "ალიანსი მულტილატერალიზმისთვის" გამოსვლისას დავით ზალკალიანმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გლობალურ საფრთხეებზე, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და მისგან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
"დავით ზალკალიანმა საკუთარ გამოსვლაში, გაეროს ტრიბუნიდან, ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე და იმ ჰიბრიდული ომის ელემენტებზე, რომელსაც საოკუპაციო ძალები საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ,"- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი, სპიკერი მარი ნარჩემაშვილი.