საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ის რომ "ქართული ოცნება" თავის კონკურენტებთან შედარებით რეიტინგებში ძალიან წინაა, ჩანს ყველა კვლევაში, მათ შორის "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ბრიტანული კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევაშიც. კახა კუჭავას თქმით, "ქართული ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს:
"ყველა კვლევის მიხედვით ძალიან კარგად ვხედავთ, რამდენად ლიდერობს "ქართული ოცნება" და მისი კანდიდატები, რა თქმა უნდა გამონაკლისის არაა თქვენს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევაც, სადაც ძალიან კარგად ჩანს თუ რამდენად დიდია უპირატესობა ქართული ოცნების მხრიდან. პრაქტიკაში რთულია რომ ერთი-ერთში ჯდებოდეს რეიტინგები, ამიტომ გარკვეული განსხვავებები ყოველთვის იქნება, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ ორივე კომპონენტში ძალიან წინ ვართ ჩვენ კონკურენტებისგან განსხვავებით, და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და მოლოდინი რამდენად მაღალია, რომ ქართული ოცნება იქნება ის პარტია, რომელიც უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში," - განაცხადა კახა კუჭავამ.
კითხვაზე შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას, კახა კუჭავას თქმით, ეს აბსოლუტურად რეალურია, იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც კვლევებიდან ჩანს:
"შეიძლება არა, დააკომპლექტებს, ეს არის რეალობა, რომელსაც ვხედავთ ყველა ამ კვლევის შედეგიდან," - აღნიშნა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ბრიტანული კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევაში, რომელიც წინასაარჩევნო განწყობებს ეხება, კითხვაზე "დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?" - ექვს მაჟორიტარულ ოლქში გამოკითხული 1800-მოქალაქიდან უმეტესობამ დადებითი პასუხი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ დააფიქსირა.