"ევროპულმა საქართველომ" რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი წარადგინა. სწორედ ის იბრძოლებს 31 ოქტომბრის არჩევნებში "ევროპული საქართველოდან" პარლამენტში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად.
"ნაკლები მთავრობას და მეტი ხალხს" - ჩვენ დღეს უმძიმესი ვითარება გვაქვს, როდესაც გაზაფხულზე ეკონომიკის ჩაკეტვის გამო, მთლიანად შევედით კრიზისით. ამით ჩვენ მივიღეთ ვირუსიც და დაქცეული ეკონომიკაც.
ჩვენი გეგმა არის ცვლილება, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რუსთავში ახალი აეროპორტი უნდა აშენდეს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს სატრანსპორტო ჰაბი იქნება. კრიზისს ახალი შესაძლებლობები სჭირდება და ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი შესაძლებლობები, 100 ათასი სამუშაო ადგილი, დასაქმება და ამ ქვეყნის წინ წასვლა. ამ ყველაფერს გუნდი სჭირდება, თუ რომელიმე პარტიას შეუძლია თქვას, რომ მას ჰყავს ლიდერები ეს "ევროპული საქართველოა".
ვამაყობ, რომ რუსთავში შეგვიძლია წარმოვადგინოთ ჩვენი გუნდის წევრი, გამორჩეული სახე, უკომპრომისო, მებრძოლი და ვაჟკაცი ქალი - ირმა ნადირაშვილი. საქართველოს ასეთი ადამიანები სჭირდება. მე მჯერა რომ ის საზოგადოების ღირსეული სახე იქნება,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
ირმა ნადირაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მათ პარტიას ყველაფერი გათვლილი აქვს და დაპირებებს ტყულად არავის აძლევს.
"მე რუსთაველი ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ მე აქ ვიბრძოლო მაჟორიტარული მანდატისთვის. ამიტომ, მე ამ ბრძოლაში გადავწყვიტე ჩავება და რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ თქვენი იმედი მქონდეს, ყველასი. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომლითაც ვართ წარმოდგენილები. ეს გეგმა გულისხმობს, რომ ორჯერ უნდა გაიზარდოს პენსია, უნდა გაიზარდოს სოციალური დახმარება, დევნილთა შემწეობები, ჩვენ უნდა დავწიოთ აუცილებლად გადასახადები, მეტი ფული უნდა დარჩეს ხალხს, ბიზნესს, რომ შევძლოთ ასი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. ჩვენ არ გთავაზობთ არაფერს ისეთს, რაც გათვლილი არ გვაქვს. რასაც გპირდებით, იმას აუცილებლად შევასრულებთ," - განაცხადა ირმა ნადირაშვილი.