17 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
წინასაარჩევნო რეიტინგები Survation-ის კვლევაში - რა შეფასებები მოჰყვა გამოკითხვის შედეგებს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში

ბრიტანული კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს საპარლამენტო ოპოზიცია არ ეთანხმება.

Survation​-მა ექვს მაჟორიტარულ ოლქში 1800 ამომრჩეველი გამოკითხა. კვლევის შედეგად დგინდება, რომ გლდანის, ვაკის, რუსთავის, მცხეთა-მთიანეთის, ფოთი-ხობი-სენაკისა და ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის ოლქებში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ. ოპოზიცია კვლევის მეთოდოლოგიას არ ეთანხმება და შედეგების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს.

დღეს საარჩევნო რეიტინგების შეფასებისას რადიკალური იყო არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, რომლის მაჟორიტარობის კანდიდატებსაც, კვლევის მიხედვით, რამდენიმე ოლქში ნულპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს ხმები განსხვავებულად გადანაწილდება. გამოკითხვაში ასახულ სარეიტინგო მონაცემებზე მეტის მოლოდინი აქვთ "ლელოშიც".

Survation​ კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ბოლო დროს ჩატარებულმა ყველა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2020 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნება" როგორც მაჟორიტარულ ისე პროპორციულ კომპონენტში უპირატესობას ფლობს. რაც აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლად დასაკომპლექტებლად საკმარისი იქნება.

ბრიტანული კომპანიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები,"ღამის კურიერში" ირაკლი კობაძიძემაც შეაფასა. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი დარწმუნებულია, რომ რუსთავისა და გლდანის ოლქებში, სადაც კანდიდატების რეიტინგი პარტიულზე მეტია "ოცნება" შედეგს გააუმჯობესებს.

ბრიტანული კომპანია Survation გამოკითხვას კიდევ 24 მაჟორიტარულ ოლქში ატარებს. ოლქების წინასაარჩევნო რეიტინგებს" რუსთავის 2" მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაასაჯაროებს.

დღის ამბები