მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებას ეხმიანება გაერო-ს გენერალური მდივანი. გაერო-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ანტონიო გუტერეში "უკიდურესად არის შეშფოთებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, საკონტაქტო ხაზთან საომარი მოქმედებების განახლების გამო“. გაეროს გენ მდივანი გმობს ძალის გამოყენებას, წუხილს გამოთქვამს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო და მტკიცედ მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა, განმუხტონ დაძაბულობა და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. ანტონიო გუტერეში სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების მიერ შესრულებული როლის მიმართ და მხარეებს მათთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა სასწრაფოდ აღდგეს დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერებიც. ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ "შეერთებულმა შტატებმა უნდა მოითხოვოს უფრო მეტი დამკვირვებლის გაგზავნა კონტაქტის ხაზის გასწვრივ და უნდა მოუწოდოს რუსეთს, შეწყვიტოს ორივე მხარისთვის იარაღის მიწოდების ცინიკური პრაქტიკა“.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან კი ბაიდენი დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას ითხოვს.
"მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებას თან ახლავს საფრთხე, რომ უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს, რის გამოც რეგიონში მესამე მხარეებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ ამ კონფლიქტისგან" - აცხადებს ამერიკის პრეზინდეტობის კანდიდატი.
ამ თემაზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა დონალდ ტრამპი.
"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. დღეს და გუშინ შევიტყვე ამის შესახებ. ჩვენ ბევრი კარგი ურთიერთობა გვაქვს ამ რეგიონში. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა კონფლიქტის შეჩერება,"- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.