ქართველი პოლიტიკოსები სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესებს სახიფათოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მდგომარეობის ესკალაცია დაუშვებელია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში, საფრთხე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას ექმნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ორივე ქვეყნის კოლეგასთან მუდმივ კონტაქტზეა, აქვს შეთავაზება, შეასრულოს სამშვიდობო მისია და აღმოუჩინოს ორივე ქვეყანას საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ისე, როგორც ამას საერთაშორისო ნორმები ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მშვიდობის მხარდასაჭერი პოზიცია ჰქონდეს.
"ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, გვქონდეს მშვიდობის მხარდასაჭერი პოზიცია, ამ რეგიონში მეტი ესკალაციის არ დაშვების მხარდასაჭერი პოზიცია. ამ ძალიან მძიმე ვითარებაში რეგიონში მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს სხვადასხვა ალტერნატივა შემუშავებული და იყოს მზად სხვადასხვა სცენარისთვის, იმიტომ, რომ ომის შემთხვევაში ძალიან ბევრი ჩვენთვის არასასურველი სცენარი შეიძლება განვითარდეს," – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.
"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიქმნას ამიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო, რომლის შტაბბინაც თბილისში იქნება და ყველა სადავო კონფლიქტი აღნიშნულ საბჭოზე იქნება განხილული.
"მე მოვუწოდებ ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ხელისუფლებებს, შევქმნათ ამიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო , შტაბბინით თბილისში და ყველა სადავო საკითხი თუ ყველა კონფლიქტი გადავწყვიტოთ იქ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ არცერთ მეზობელ რეგიონულ იმპერიას არ აწყობს დამოუკიდებელი, წელში გამართული საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
როგორც "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება რეგიონის სტაბილურობას სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს.
"ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა ორივე და ვწუხვართ ორივე მხარეს დაღუპულების და დაშავებულების თაობაზე, ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვაწუხებს ისიც, რომ ამ კონფლიქტის კიდევ უფრო გაძლიერება და გამწვავება, ბუნებრივია, ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს რეგიონალურ სტაბილურობას, მათ შორის - საქართველოში სტაბილურობას.
იმედი მინდა ვიქონიო, რომ როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის ლიდერები, რომლებიც ნამდვილად გონიერი ადამიანები არიან, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ შეწყდეს ესკალაცია," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.