17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
სომეხი და აზერბაიჯანელი ანალიტიკოსების შეფასებით, კონფლიქტის დარეგულირება მშვიდობიანი გზით უკვე გამორიცხულია

მთიანი ყარაბაღი ისევ ცეცხლის ზონაა. შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები ისევ ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ. ცოტა ხნის წინ ბოლო ცნობები განაახლა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ.

უწყების ინფორმაციით, დღევანდელ შეტაკებებს კიდევ 28 სომეხი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. პარალელურად სომხეთის პრეზიდენტი თურქეთს აზერბაიჯანის დახმარებაში ადანაშაულებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, შეტაკებებში მონაწილეობას თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიული დაჯგუფების წევრებიც იღებენ. 

"კურიერი" დაინტერესდა ანალიტიკოსების პოზიციით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. იმით, თუ რა გახდა კრიზისის გამომწვევი მიზეზი და შესაძლებელია თუ არა კონფლიქტის დარეგულირება მოლაპარაკებების გზით.

სამველ მარტიროსიანის განცხადებით, ამ მასშტაბის კონფლიქტისთვის აზერბაიჯანი დიდი ხნით ადრე ემზადებოდა და შესაბამისად მის მშვიდობიან დარეგულირებას არ აქვს დიდი შანსები.

"დილით ადრე, აზერბაიჯანულმა მედიამ დაიწყო საუბარი, რომ სომხეთი აზერბაიჯანულ სოფლებს ბომბავს, რის შემდეგაც, მათ ყარაბაღზე იერიში მიიტანეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანი ბრძოლისთვის დიდი ხნით ადრე ემზადებოდა. ამ აგრესიით ბაქო შიდა პრობლემების გადაფარვას ცდილობს. ვერ მოინელეს ივლისის შეტაკებებიც, როდესაც გენერალი და რამდენიმე სპეცრაზმელი დაკარგეს. სჭირდებათ იმის დემონსტრირება, რომ მათ არმიას პრობლემა არ აქვს," - აცხადებს ანალიტიკოსი სამველ მარტიროსიანი.

აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი კი ამბობს, რომ უკვე წლებია მათი ტერიტორიები ოკუპირებულია და დიალოგმა 30 წლის განმავლობაში შედეგი ვერ გამოიღო. ნიჯატ ჰაჯიევის განცხადებით, ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ისაა, რომ სომხეთის მთავრობა კომპრომისზე უარს ამბობდა და მუდმივად პროვოკაციებს აწყობდა.

"გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, ჩვენი სახელმწიფო მოწინააღმდეგის აგრესიისგან უნდა დაგვეცვა. შესაბამისად, ოფიციალური ბაქო ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში, რათა საკუთარი ტერიტორიები დაებრუნებინა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი ქვეყნის უფლებამოსილება ვრცელდება და ამას ყველა აღიარებს. სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ კონფლიქტის დარეგულირება მშვიდობიანი გზით უკვე გამორიცხულია. სომხეთი კომპრომისისთვის მზად არასოდეს არის. კრიზისის მოგვარებას მოლაპარაკების გზით, უკვე 30 წელია ვცდილობთ, თუმცა ფაქტია, რომ უშედეგოდ," - აღნიშნავს ანალიტიკოსი ნიჯატ ჰაჯიევი.

მხარეები ცეცხლის შეწყვეტას ჯერჯერობით არ აპირებენ - ეს მიუხედავად იმ მოწოდებებისა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ. ამ დროისთვის კვლავ უცნობია ინფორმაცია სომხეთის და აზერბაიჯანის დანაკარგებზე.

ცნობილია არაღიარებული ყარაბაღის მონაცემები. კერძოდ, დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

დღის ამბები