17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ხმაური გლდანში - მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ერთ-ერთ სკვერში მმართველი პარტიის დროშების ჩამოხსნას ცდილობენ

ხმაურია გლდანში, სადაც მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ერთ-ერთ სკვერში, მმართველი პარტიის დროშების ჩამოხსნას ცდილობენ.

ახალგაზრდები აპროტესტებენ საჯარო სივრცეში "ქართული ოცნების" პარტიული სიმბოლიკის გამოჩენას, თუმცა, მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ლურჯი დროშები ადგილობრივების მოთხოვნით დაკიდეს.

პროტესტს გლდანის ხევის პირველ ნომერში ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, სიტუაციის განმუხტვა პოლიციამ სცადა.

"აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და არ გვგონია, ყველა მათგანი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყოს, ამიტომ მათთვის ეს დროშები არის შეურაცხმყოფელი. აქ ადამიანებს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ. ვინც ეს დროშები დაკიდა, არის ცალსახა პროვოკაცია. ამას ვერ გადაწყვეტდა შაკო კუჭაშვილი, ეს არის დავალება. არ არის სამართლებრივად სწორი, სამართლებრივად სწორი იქნებოდა საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მოქალაქეებს აიძულებდნენ, ერთი სიმბოლიკის გარშემო ყოფილიყვნენ გაერთიანებულები,"-აცხადებს აქციის მონაწილე.

"თითოეული მოქალაქის სურვილი იყო, რომელებმაც მომართეს თხოვნით, მიგვემართა პარტიისთვის, ეს დროშები ჩამოგვეკიდა. სამართლებრივად სწორია, აბა ისე ხომ არ გავაკეთბდით?!"-აცხადებს "ქართული ოცნების" აქტივისტი. 

ინციდენტი, ამ დროისთვის, ამოწურულია, თუმცა ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.

დღის ამბები