17 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, ის მხარს მიჭერდა ხშირად რჩევით, ხანდახან მწვავე კრიტიკითაც"-იუსტიციის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

იუსტიციის მინისტრი თანამდებობას ტოვებს. თეა წულუკიანის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ის როგორც "ქართული ოცნების" კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ერთვება, კანონი კი ავალდებულებს, რომ დაკავებული პოსტი დატოვოს.

იუსტიციის მინისტრის რანგში თეა წულუკიანი თანამდებობას 8 წლის განმავლობაში იკავებდა, მან დღეს თავისი 8 წლიანი მუშაობა შეაჯამა, ისაუბრა უკვე განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებიც მისი თქმით სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ყველა მიმართულებას შეეხო.

"ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური მნიშვნელობის რეფორმები ყველა სფეროში. მე მინდოდა, რომ იუსტიციის სამინისტროში დამეტოვებინა ჯანსაღი მემკვიდრეობა, რომელზეც შესაძლებელია უკეთესის დაშენება. 8 წლის თავზე, გადადგომის წინ, მართლაც ბევრი მადლობა მაქვს სათქმელი. მე მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს. ის მხარს მიჭერდა ხშირად რჩევით, ხანდახან ძალიან მწვავე კრიტიკითაც და ხელს მიწყობდა, რომ არ დავცემულიყავით. მე მაძლევდა შესაძლებლობას მეკეთებინა ეს საქმე 8 წლის განმავლობაში, რასაც ქვეყნის განვითარებისთვის აგურის დადების ვალდებულების შესრულება ჰქვია,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია. წულუკიანი წინასაარჩევნო კამპანიაში 1-ლი ოქტომბრიდან ჩაერთვება, მის თანამდებობას კი, სავარაუდოდ, მისივე მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს.

დღის ამბები