მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა. გია ვოლსკის თქმით, ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ევროკავშირისა და NATO-ს მაღალჩინოსნებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, ქვეყნის შიგნით მსგავსი ინციდენტები გარკვეული ძალების ინტერესებშია:
"ფაქტი გაცილებით უფრო სერიოზულია, ვინაიდან წარმოიდგინეთ, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროკავშირში ხვდება ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის ყველა კომისარს ფაქტიურად, ნატოს გენერალურ მდივანს, ისინი განიხილავენ შექმნილ ვითარებას საზღვრებთან, მათ შორის ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ საკმაოდ მრავლად და დიდი ტრადიცია გვაქვს თანაცხოვრების, აი, ამ ვითარებაში ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი დაპირისპირება, ვის წისქვილზე შეიძლება ასხამდეს წყალს, ან ვინ გამოდის აქედან მოგებული. მე არ მყავს მხედველობაში ის ადამიანები, ვინც ფიზიკურად დაზიანდნენ. რასაკვირველია, არავის უნდა შერჩეს.
ყველას მოვუწოდებ, ვინც თავის თავს თვლის რომ "ქართული ოცნების" მომხრეა, ანდა პროვოკაცია აქვს გამიზნული და სულ არ დაგიდევს ვინ დაშავდება ფიზიკურად, ფაქტია, რომ დაშავდება საქართველო, ჩვენი იმიჯი დაშავდება და ამის მომხრე და მსურველი ჩვენ თვალწინ არაერთხელ გამოსულა, მათ შორის სხვადასხვა ეთერში და ვიცით ეს პროვოკაცია ვის აწყობს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკის თქმით, მმართველ ძალას არანაირად არ აწყობს, წინასაარჩევნოდ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები. შესაბამისად ქვეყნის იმიჯის დასაცავად მსგავსი ინციდენტების გამოძიების მნიშვნელობა ათმაგდება:
"ყველაფერი, რაც სახელმწიფოში ხდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, აქედან გამომდინარეობს ჩემი მოწოდების შინაარსიც, მე არა მგონია ადამიანი იყოს "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და ძალადობდეს იმისათვის, რათა მისი ძალადობის ფაქტი აღწერილ იქნეს საერთაშორისო დამკვირვებლის მოხსენებაში. ძალიან მალე მექნება დისტანციური ურთიერთობა NDI-ს დამკვირვებლების წარმომადგენელთან და ძალიან გამიჭირდება ვისაუბრო, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა რაღაცა ჩაიდინა, თუკი ამას გამოძიება დაადგენს, რა საკვირველია. ვის აწყობს? ვის აწყობს და ვინც ამბობს, რომ რაკეტები გადის ერთი მხარის დასახმარებლად, ომი მიდის ჩვენს გარშემო. ამის ექსპორტს ცდილობს უამრავი ხალხი, რუსეთიდან დაწყებული "ნაციონალურ მოძრაობამდე" დამთავრებული, აწ უკვე გაერთიანებული ოპოზიცია. გამოძიების მნიშვნელობა ათმაგდება იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის იმიჯი," - აღნიშნა გია ვოლსკიმ.