17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას საერთაშორისო პარტნიორებმა მაღალი შეფასება მისცეს - გიორგი გახარია დევიდ მაკალისტერთან შეხვედრაზე

საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, საქართველოს წარმატება COVID-19-თან ბრძოლაში, ქვეყანაში განხორციელებული საარჩევნო სისტემის რეფორმა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და საბოლოოდ ევროკავშირის წევრობა ქართველი ხალხის ურყევი ნებაა. მისივე განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების გზაზე საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა, რასაც საერთაშორისო პარტნიორებმა მაღალი შეფასება მისცეს.

საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლას და ამ ნაწილში ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს საქართველოს გვერდით დგომისთვის.

საუბარი შეეხო ქვეყნის ახალ, სტრატეგიულ როლს შავი ზღვის რეგიონში და ევროკავშირთან მეტი ფიზიკური ინტეგრაციის კუთხით პრაქტიკული ინსტრუმენტების მოძიების მნიშვნელობას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციასა და არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობაზე.

აგრეთვე, ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, რაც გააძლიერებს ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხს. მთავრობის მეთაურის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში; პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა იწვევს დამკვირვებლებს  ევროპარლამენტიდან და სრულად უზრუნველყოფს მათ საქმიანობას უსაფრთხო გარემოში.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე. პრემიერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობას ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, რათა საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი კიდევ უფრო ქმედითი გახდეს. დევიდ მაკალისტერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.

ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდნენ.

 

დღის ამბები